top of page

სიახლეები

Search

სემინარი ჟურნალისტებისთვის „რეზოლუცია 1325”


გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 და მასმედიის როლი მისი პოპულარიზაციის და განხორციელების საქმეში. ამ თემას მიეძღვნა ორდღიანი სემინარი, რომელიც ბორჯომის სასტუმრო „ქრაუნ პლაზაში გაიმართა.

სემინარის ორგანიზატორები არიან მშვიდობის მშენებლების ქალთა გლობალური ქსელი და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“.

2000 წელს, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 1325, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ავალდებულებს ცხოვრებაში გაატარონ გაეროს წესდებით განსაზღვრული ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოსტულატები.

რეზოლუციაში ხაზგასმულია ქალის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ქალთა ჩართვის აუცილებლობა ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების დამცველ მისიებში. დოკუმენტი ხელმომწერ ქვეყნებს მოუწოდებს სათანადო ყურადღება მიექცეს ქალისა და გოგონას სპეციფიკურ მოთხოვნილებებს ომისა და ომის შემდგომ პერიოდში, ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ქალთა აქტიურ ჩაბმას.

როგორც ასოციაცია „თანხმობის“ თავმჯდომარემ იულია ხარაშვილმა აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მასმედიას, რათა „მაქსიმალურად გააშუქოს მასთან დაკავშირებული ასპექტები. დღეს საქართველოში დიდი რაოდენობით არიან ქალები და გოგონები, რომლებიც დაზარალდნენ კონფლიქტების დროს. მათთვის უნდა იყოს გასაგები თუ რას სთავაზობს რეზოლუცია 1325 და როგორ უნდა მოხდეს მისი განხორციელება საქართველოში“.

საქართველოს ხელისუფლებას უკვე ორჯერ აქვს მიღებული რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმა, თუმცა დღეს არ შეგვიძლია ვისაუბროთ მის ეფექტურობაზე. „გეგმას აქვს რამდენიმე მიმართულება. ის ნაწილი, რომელიც ეხება სამთავრობო სტრუქტურებში ქალთა მონაწილეობას უკეთესად სრულდებოდა, მაგალითად ძალოვან სტრუქტურებში, იმ სტრუქტურებში, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ კონფლიქტზე და კონფლიქტით დაზარალებულ პირებზე… მაგრამ გეგმის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე არ მუშაობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ხალხმა საკუთარ თავზე იგრძნოს რეზოლუცია 1325-ის და სამოქმედო გეგმის სიკეთე“, – აღნიშნა იულია ხარაშვილმა.

საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც სავარაუდოდ მარტში უნდა დამტკიცდეს. არასამთავრო ორგანიზაციებს, მათ შორის ასოციაცია „თანხმობას“ დიდი იმედი აქვს, რომ მათი წინადადებები სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნება.

ჟურნალისტებთან ბორჯომში გამართული სემინარი, ისევე როგორც შეხვედრები ცენტრალური ხელისფლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, ხორციელდება პროექტის ფარგლებში სახელწოდებით „ადგილობრივი, ეროვნული და რეგიონული სტრატეგიები რეზოლუცია 1325-ის განხორციელების გაუმჯობესებისთვის აზერბაიჯანში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში“, რომელსაც აფინანსებს ავსტრიის განვითარების სააგენტო. პროექტს უძღვება საერთაშორისო ორგანიზაცია – მშვიდობის მშენებლების ქალთა გლობალური ქსელი, რომელიც თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში.

სემინარის დასასრულს, მშვიდობის მშენებლების ქალთა გლობალური ქსელის ხელმძღვანელმა მავიკ კაბრერა ბალეზამ ცენტრალური და რეგიონული მედიის ჟურნალისტებს სემინარში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

bottom of page