top of page

პროექტები

GASW.jpg
HAJDE.jpg
ADC.jpg
CSRDG.jpg
Consent_LOGO_2-4.png
HLFSWRK.jpg

მხარდაჭერის სახლი

მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში

საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა დგას მოსახლეობის სწრაფად დაბერების პროცესის, მრავალთაობიანი ოჯახური თანაცხოვრების მოდელის დაშლის და მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან ახალგაზრდების გადინების წინაშე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს მარტოდ დარჩენილი ხანდაზმულების რაოდენობის მატებას, რომელთაც არ ჰყავთ მზრუნველები. ამასთან, ხანდაზმულები ქვეყნის სოციალური პოლიტიკისთვის კვლავ უხილავ სამიზნე ჯგუფად რჩებიან. ორივე სამიზნე ქვეყანაში, ხანდაზმულთა შინმოვლა ძირითადად ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ან კერძო კომპანიების მიერ. სახელმწიფო პროგრამები კი სრულად ვერ ფარავს საჭიროების მქონე პირებს, ან არ არის ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული. ასეთი დაქსაქსული ზრუნვის სფეროს პრობლემა, ზრუნვის ერთიანი  სტანდარტის არარსებობა და არამდგრადი ფინანსური მხარდაჭერაა. საუკეთესო შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელთა უმეტესობა, იყენებს ზრუნვისა და სწავლების საკუთარ სტანდარტებს, მაშინ, როდესაც სხვები ასაქმებენ დაბალკვალიფიციურ მომვლელებს, და მომსახურების მიმღებთ ძვირადღირებულ ან დაბალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყველა ზემოხსენებულ ფაქტორს ემატება ამ ორ ქვეყანაში ხანდაზმულთა გაურკვეველი მომავალი, რაც საერთო ჯამში ბევრ მათგანს ხდის ძლიერ მოწყვლადს და ხელს უშლის მათი „ღირსეულად დაბერების“ უფლების რეალიზებაში.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას.

პროგრამის ფარგლებში განვითარებული მომსახურების მოდელი, დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და კონკრეტულად, ავსტრიულ ცოდნას ინტეგრირებული შინმოვლის მომსახურებების მოდელის შესახებ, რომელსაც Hilfswerk-ი  მუდმივად გაუზიარებს პროექტის პარტნიორებს. ამასთან, პროექტი მჭიდროდ არის დაკავშირებული „ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ მიერ დაფინანსებულ ბიზნეს პარტნიორობა „მხარდაჭერის სახლი - ხანდაზმულთათვის შინმოვლის მდგრადი მომსახურების მიწოდება ბოსნია-ჰერცოგოვინაში“ (2020-2023).

მთლიანობაში პროექტში ჩაერთვება სულ მცირე 1.000 პირი და 40-ზე მეტი ორგანიზაცია:

  • შინმოვლის მომსახურებას მიიღებს 240 ხანდაზმული   და 140 პირი ისარგებლებს ჯანმრთელი დაბერების ღონისძიებებით;

  • 450 ოჯახის წევრი;

  • მინიმუმ 42 მომვლელი და 20 მოხალისე;

  • მინიმუმ 95 თანამშრომელი ადგილობრივი მთავრობებიდან;

  • მინიმუმ 60 თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან.

bottom of page