2018 წლის 24 იანვარს, პროექტის "ღირსეული სიბერე" (ფინანსურად მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ) ფარგლებში, თბილისში, ჩატარდა სამოქალაქო ფორუმი. ფორუმს ესწრებოდნენ პროექტის დონორები, პარტნიორები, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მთავარი სპეციალისტები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ბოლნისის და გორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე, წარმომადგენლები სახალხო დამცველის აპარატიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და პენსიონერთა კავშირიდან. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის თანამშრომლები და ბენეფიციარები, როგორც ქვემო, ასევე შიდა ქართლის რეგიონიდან.
ფორუმზე მოხდა პროექტის შედეგების და ორწლიანი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საჭიროებებისა და პრობლემების წარდგენა. რის შემდეგაც, ფორუმის მონაწილეებმა იმუშავეს მცირე ჯგუფებში, ჩამოაყალიბეს სხვადასხვა ჯგუფების თვალით დანახული ხანდაზმულთა პრობლემები (5 ჯგუფად დაიყვნენ მონაწილეები: საზოგადოება, მოხუცები, არასამთავრობოები, მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება). პრობლემების ჩამოყალიბების შემდგომ კი ჯგუფებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელსაც ასოციაცია "თანხმობა" გამოიყენებს ხანდაზმულთა პრობლემების ადვოკატირებისას, როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე. ფორუმის დასასრულს მოეწყო ხანდაზმულთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.