top of page

სიახლეები

Search

ღონისძიება დმანისის „მხარდაჭერის სახლის“ ოფისში

2022 წლის 20 ოქტომბერს დმანისის „მხარდაჭერის სახლის“ ოფისში ძალიან ლამაზი ღონისძიება გაიმართა. ყოველწლიურად 1 ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სხვადასხვა მიზეზის გამო, დმანისის მხარდაჭერის სახლმა ეს დღე 20 ოქტომბერს აღნიშნა. ღონისძიებას მასპინძლობდა და უძღვებოდა ფილიალის ხელმძღვანელი ქალბატონი ეკა ოქრიაშვილი. „მხარდაჭერის სახლის“ გუნდმა არაჩვეულებრივი დღე აჩუქა მოწვეულ სტუმრებს და დღის ცენტრის ბენეფიციარებს. ულამაზესად მორთული ოფისი, ბენეფიციართა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, კონცერტი და შეჯიბრებები - ასე აღნიშნეს ხანდაზმულთა დღე. ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე დაესწრნენ. ბატონმა კობამ ჭადრაკის და ნარდის შეჯიბრის გამარჯვებულები დააჯილდოვა და „მხარდაჭერის სახლს“ კვლავინდებურად ყველანაირი შესაძლო დახმარება აღუთქვა. მერიის სოციალური განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა მეგი ედიბერიძემ დამსწრეებს გააცნო არსებული 10 სოციალური პროგრამა, რომლებსაც 2023 წლიდან კიდევ 6 პროგრამა ემატება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას. დაჯილდოვების შემდეგ გაიმართა ბენეფიციარების მიერ მომზადებული კონცერტი. ხანდაზმულებმა აღნიშნეს, რომ დღის ცენტრმა მათ მეორე სიცოცხლე აჩუქა - ერთფეროვანი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა და ახლა ისევ აქტიურ და საინტერესო ცხოვრებას დაუბრუნდნენ, თავსაც უკეთესად გრძნობენ, რაც „მხარდაჭერის სახლის“ გუნდისთვის ყველაზე მაღალი შეფასებაა!




bottom of page