სიახლეები

Search

მრგვალი მაგიდა

2021 წლის 4 ივნისს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე:“ კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა სპეციფიკური პრობლემები გორის რაიონში“. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ქალები დევნილთა ჩასახლებებიდან და კონფლიქტით დაზარალებული სოფლებიდან.

ერთ-ერთ საკითხად წარმოდგენილი იყო სასოფლო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის აუცილებლობა. როგორც აღმოჩნდა, ბევრ სოფელში ჯერ არ დაწყებულა ის სამუშაოები, რომელიც აისახა სოფლის ბიუჯეტებში და არსებობს საშიშროება, რომ ტენდერები ვერ მოესწრება, რადგან შემოდგომაზე იქნება არჩევნები. მაგალითად, სოფელ კოშკში არ დაწყებულა წყლის განმრიცხველიანობა, რაზეც დამოკიდებულია უწყვეტი წყლის მომარაგება მოსახლეობისთვის.

ქალებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიღებულ იქნა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესების გადაწყვეტილება, ტრანსპორტის ახალი მარშრუტები მაინც არ აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებას. მაგალითად, იმ ავტობუსების მარშრუტები, რომლებიც ადრე ვერხვევის დასახლებაში დადიოდნენ, შემოკლდა და ადგილამდე აღარ მიდის. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ სატრანსპორტო ბარათების შეძენა შესაძლებელი იქნება გაჩერებებზე და თუ შემოღებული იქნება შეღავათიანი ბარათები მოწყვლადი კატეგორიებისთვის, მათ შორის ხანდაზმულებისთვის. როგორც ცნობილია, ტრანსპორტით უზრუნველყოფის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ქალთა ეფექტიანი მონაწილეობა.

აქტუალური რჩება რკინიგზის, კერძოდ, ნიქოზი-თბილისის მატარებლის აღდგენის საკითხი.

დასახლებებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ეკონომიკური პრობლემები, განსაკუთრებით მძიმეა ხანდაზმულთა და ქრონიკულ დაავადებათა მქონე პაციენტთა მდგომარეობა, რადგან მედიკამენტებზე ფასები სულ უფრო და უფრო იზრდება. ქალებმა ასევე აღნიშნეს, რომ წელს 1/100 მიწის დამუშავების ფასი 2,5-3 ლარამდე აიწია, რამაც შეუძლებელი გახადა მოწყვლადი ოჯახებისთვის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, დასახელდა შემდეგი პრობლემები: ადამიანის უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარეობა, ფასების ზრდა პროდუქტებზე, დევნილთათვის/ კონფლიქტით დაზარალებული პირებისათვის სპეციფიკური პროგრამების არარსებობა, ა.შ.

მრგვალი მაგიდის შედეგად, ქალებმა გადაწყვიტეს აღნიშნულ საკითხებზე სპეციალური შეხვედრის ჩატარება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უახლოეს პერიოდში.