top of page

სიახლეები

Search

მობილური ჯგუფის საცდელი პერიოდი პროექტში "მხარდაჭერის სახლი"

2021 წლის 21 ივნისიდან, შინ მოვლის მობილური მომსახურება ხორციელდება საცდელი პერიოდის ფარგლებში, რომელიც დასრულდება 30 ოქტომბერს. საცდელი პერიოდის მიმდინარეობისას:

ადგილობრივი მთავრობების და ორგანიზაციების დახმარებით, განხორციელდა შინ მოვლის მომსახურებისათვის პირველი ბენეფიციარების მოძიება. ამ პროცესში, მობილური ჯგუფების მიერ, ორივე მუნიციპალიტეტში ერთად, განხორციელდა 60-მდე პირველადი ვიზიტი ხანდაზმულების სახლებში და პირველადი შეფასების საფუძველზე, შეირჩა გორში 12 და დმანისში 15 ხანდაზმული შემდგომში დეტალური ინდივიდუალური შეფასების განხორციელების, საჭიროებების გეგმის შემუშავებისა და შინ მოვლის მომსახურების მიწოდების მიზნით.

16 აგვისტოდან მობილურმა ჯგუფებმა დაიწყეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შინ მოვლის მომსახურების მიწოდება გორის მუნიციპალიტეტში 10, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტში 11 ხანდაზმულ ბენეფიციართან. დმანისის მუნიციპალიტეტში, 10 ბენეფიციარი ქალაქ დმანისის მაცხოვრებელია, ხოლო 1 ცხოვრობს სოფლად; გორის მუნიციპალიტეტში, პროექტის 8 ბენეფიციარი ცხოვრობს სოფელ ბერშუეთში, ხოლო 2 სოფელ ვარიანში;

ხანდაზმულ ბენეფიციარებთან შინ მოვლის გუნდის ექთნები და მძღოლი/ტექნიკური მენეჯერები ახორციელებენ შემდეგი სახის ზრუნვის ღონისძიებებს: ექიმთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება; დანიშნული მკურნალობის შესრულებაში დახმარება; ფიზიკური გააქტიურების ხელშეწყობა; ჭრილობების დამუშავება; სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი; დახმარება საყოფაცხოვრებო საქმიანობებში, პირადი ჰიგიენის დაცვაში, პროდუქტისა და მედიკამენტების შესყიდვაში და სხვა; შინ მოვლის მობილური ჯგუფები ხელმძღვანელობენ Covid-19-ის გავრცელებისაგან დაცვის სპეციალურად შემუშავებული შიდა პროტოკოლით. ბინაზე ვიზიტებს ახორციელებენ შესაბამის აღჭურვილობით და ვირუსის გავრცელების პრევენციის წესების დაცვით. გუნდის ყველა წევრს რეგულარულად, კვირაში ორჯერადად, უტარდება ტესტირება ანტიგენ ტესტის საშუალებით.




Comments


bottom of page