სიახლეები

2008 წლის აგვისტოს ომი…

08.08.2018

ყველაზე რთული დღე 08.08.2008 - 2008 წლის აგვისტოს ომი… ასობით დაღუპული ადამიანი, 136 000-ზე მეტი დევნილი, განადგურებული და გაძარცვული სოფლები, უამრავი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჭრილობა ხალხის  სხეულებსა და სულებში...

 

აგვისტოს ომის პირველი დღიდან იგპ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"-ს თანამშრომლები და 50-ზე მეტი მოხალისე ცხელი ჩაით ხვდებოდა ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას თბილისის შესასვლელთან, ყოველ დღე მიდიოდნენ დევნილთა 21 თავშესაფარში და მიჰქონდათ საკვები თეთრეული და ტანსაცმელი, ეხმარებოდნენ და მათ გვერდში იდგნენ.

 

ასოციაციის წევრები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა 90-იანი წლებიდან იძულებით გადაადგილებულნი იყვნენ, ძალიან კარგად იცოდნენ, თუ რა არის დევნილების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები, ისინი ცდილობდნენ ახალი დევნილებისთვის ტკივილი შეემსუბუქებინათ და მათი საჭიროებები დაეკმაყოფილებინათ. ასოციაცია „თანხმობა“-ს მხარში ედგა ჩვენი მუდმივი გერმანელი პარტნიორი, EED (ახლა Brot fur Die Welt) - რომელიც დაგვეხმარა რესურსების მობილიზებაში. ამ რესურსებით "თანხმობა"-მ შეძლო დახმარებოდა 21 დროებით თავშესაფარში, ასევე "კარვების ქალაქში" მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს. მოგვიანებით "თანხმობა"-ს აქტივისტები იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ დასახლებებშიც გაყვნენ - გარდაბანი, შავშვები, ხურვალეთი, ბაზალეთი, გორი, მეტეხი და სხვა. ჩვენ არა მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას გავცემდით, არამედ ვასწავლიდით ადამიანებს გამძლეობას, ვეხმარებოდით მათ, ვისაც ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმა ჰქონდა, ვაკავშირებდით ადამიანებს, რომლებმაც ომის შემდეგ დაკარგეს ერთმანეთი. ყოველთვიურად ჩვენს მოხალისეებს რვა დასახლებაში დამატებითი საკვები მიჰქონდათ: ზეთი, წიწიბურა, შედედებული რძე, კარაქი და სხვა აუცილებელი პროდუქტები ბავშვებისათვის. მობილური სამედიცინო ჯგუფი დევნილ ოჯახებს ემსახურებოდა (და დღემდე აგრძელებს, ათი წლის განმავლობაში).

 

თითოეულ დასახლებაში აღმოვაჩინეთ განსაკუთრებული ადამიანები - ახალი დევნილები, რომლებიც ჩვენი მოხალისეები და სამოქალაქო აქტივისტები გახდნენ. ომის შედეგების დასაძლევად თითოეულ სოფელში და დევნილთა დასახლებაში ქალები და მამაკაცები თვითდახმარების ჯგუფებს ქმნიდნენ.  

დღესაც დევნილებს დახმარება სჭირდებათ, ფსიქოლოგიური დახმარება და სოციალური ჩართულობა. "თანხმობა" კვლავ განაგრძობს მათ გვერდით ყოფნას, მხარს უჭერს მათ  თვითკმარობას, თემის მდგრადობას, მათ განვითარებას და სამშვიდობო ინიციატივებს. ჩვენი მუშაობა შესაძლებელია და ეფექტურია სამოქალაქო აქტივისტების უაღრესად ღირებული წვლილის გამო და ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ გადავუხადოთ მადლობა მათი თავდაუზოგავი მუშაობისთვის. 

 

 

 

Share on Facebook
Share on Twitter
Please reload

  • თანხმობა
  • თანხმობა
  • თანხმობა

© 2020 იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"